"არ ვენდობი, არ ვიზიარებ და არ ვემხრობი" | სარჯველაძე "რუსთავი 2-ის" საქმის მოსამართლის აღიარებაზე

გამოქვეყნდა:

"რუსთავი 2-ის" საქმის მოსამართლის ინტერვიუს, "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ის  ბესარიონ ალავიძის განცხადებებს არ ენდობა.

საუბარია მთავარი არხის ეთერში გასულ ინტერვიუზე, რომელშიც ალავიძე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია და ხშირად კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება ზეწოლის  შედეგად უწევდა.

სარჯველაძე ამბობს, რომ თუკი ასეთი შემთხვევა იყო, ალავიძემ საგამოძიებო უწყებას უნდა მიმართოს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ თავად ალავიძის ბრალდებების არ სჯერა.

"როდესმე მიმართა საგამოძიებო უწყებას რომელიმე ქუჩური გარჩევის თაობაზე? ასე მარტივად, მე პირადად, ასეთი ტიპის განცხადებებს არ ვენდობი, არ ვიზიარებ და არ ვემხრობი.

შესაბამისად, თუ რამე არის კრიმინალური შინაარსის, ყველას აქვს უფლება, მიმართოს საგამოძიებო ორგანოს და ყველაფერი იქნება გამოძიებული. ისე კი, ნამდვილად არ მჯერა, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ზეწოლას ახდენდა ინდივიდუალურად კონკრეტულ მოსამართლეზე, რომ მიეღო კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, ეს მე არ მჯერა, იმიტომ რომ ვიცი ხელისუფლების განწყობა და დამოკიდებულება ამ საკითხების ირგვლივ და არც მსმენია შიგნით ვინმესგან ხელისუფლების მხრიდან საჭიროებაზე ან თუნდაც დასაშვებლობაზე საუბარი, რომ მოსამართლეზე რამენაირად ზეწოლა განახორციელოს", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ალავიძის განცხადებებს დღეს ხელისუფლების ოპონენტებიც გამოეხმაურნენ, მათი თქმით, ეს სასამართლოში არსებულ პრობლემებსა და სასამართლოზე ხელისუფლების დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ განცხადება გუშინ, "მთავარ არხთან" ექსკლუზიურად ჩაწერილ ინტერვიუში გააკეთა. ის აღნიშნავდა, რომ მისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ფაქტობრივად ქუჩური გარჩევით და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოითხოვდნენ და თან ამ მოთხოვნას სახელმწიფო ინტერესებით ხსნიდნენ.  

ალავიძე სასამართლოში არაერთ საქმეს განიხილავდა, თუმცა მას არ უსაუბრია იმ კონკრეტულ საქმეებზე, რომელის გამოც მასზე ზეწოლა ხორციელდება. არსებობს ეჭვი, რომ საქმე ეხება 2017 წელს ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გამოტანილ გადაწყვეტილებას. 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი