
"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთმა ირანულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია და მოსკოვში ჩაფრინდა. ხოშტარიას თქმით, ფაქტი 11 სექტემბერს დაფიქსირდა.
11 სექტემბერს დაფიქსირდა კიდევ ერთი სატვირთო თვითმფრინავი, სამხედრო დანიშნულების მქონე აეროდრომიდან, ირანიდან წამოსული, რომელმაც გაიარა საქართველოს ტერიტორია, კახეთს გადაუფრინდა და ჩაფრინდა მოსკოვში. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო წერს ირანის მხრიდან, რუსეთის სამხედრო მომარაგების შესახებ." განაცხადა ხოშტარიამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას უკრაინელ კოლეგებს გადასცემენ. ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააკეთოს განმარტება, რატომ გაიხსნა ცა ირანულ ხომალდს, რა ტვირთი გადაიტანა მან და რა მიზნით.
გარდა ამისა, მისივე თქმით, "ოცნებამ" მოიტყუა, როდესაც წინა მსგავსი ფაქტის დროს თქვა, რომ ირანიდან წამოსული თვითმფრინავი სანქცირებული არ იყო. ხოშტარიას თქმით, კომპანია "ირან ეარი" ამერიკის მიერაა დასანქცირებული.
შეგახსენებთ, 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ირანულმა სამხედრო ხომალდმა საქართველოს საჰაერო სივრცე გადაკვეთა. ბოინგ 747 რუსეთის ფედერაციაში დაეშვა. საერთაშორისო საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამ რეისით მოსკოვში ირანული სამხედრო ტექნიკა და მებრძოლები ჩავიდნენ.
„საქაერონავიგაციამ“ კი მაშინ განაცხადა, რომ Iran Air არ არის ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში.