
"მინახავს ატირებული მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ... " - ამბობს შაბათის მთავარის ეთერში თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში არიან მოსამართლეები, რომლებიც გახმაურებულ საქმეებს ვერ იწერენ, რადგან იციან, რა ზეწოლის ქვეშაც აღმოჩნდებიან.
"მე მინახავს ატირებული მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და ტიროდნენ, ეს იყო მათი ზეწოლის შედეგი და არა სხვა რამის. თუ მოსამართლეს არ უნდა, ტირილს თავისით არ დაიწყებს. უბრალოდ მას სურდა სხვა გადაწყვეტილების მიღება და ვერ იღებდა სხვა მოვლენების გამო. ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია, საქმესაც ვერ იწერდა გახმაურებულ საქმეებს ზოგიერთი მოსამართლე, იმიტომ რომ იცოდა და უარს აცხადებდა , საერთოდ განცხადებას დავწერ და წავალ თუ გახმაურებული საქმე დამეწერა და იცოდა, თუ რა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებოდა და ფაქტობრივად ამით ცდილობდნენ, რომ არ მიეღოთ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ გამოჩნდებოდნენ ისეთებიც, რომლებიც სიამოვნებით იღებდნენ მონაწილეობას და სასურველ შედეგებსაც იღებდნენ...
ამ ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ არსებობს, არსებობს რაღაც გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც არ არის ინტერესის სფერო, ან ამ ჯგუფის ან ხელისუფლების სხვა შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლება არ გვაქვს. ამ კატეგორიის საქმეებზე მოსამართლეები გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ" - ამბობს ახვლედიანი
მისივე თქმით, მოსამართლეებს ისიც კი განსაზღვრული აქვთ, ვის უნდა მიესალმონ და ვის არა - "მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ისეთ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილან, რომ გამარჯობას ვერ ბედავდა ეთქვათ ჩემთვის"
"მოსამართლეებს, ვის უთხრან გამარჯობა და ვის არა ესეც კი განსაზღვრულია აქვთ. არსებობს კატეგორიის ადამიანები, რომლებსაც გამარჯობა არ უნდა უთხრან, თორემ ეს მათთვის პრობლემა იქნება ეს არის ძალიან მახინჯი სისტემა. მე მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ისეთ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილან, რომ გამარჯობას ვერ ბედავდა, რომ ეთქვათ ჩემთან, სხვა ჩემს კოლეგებთან[...] კანკალებდა მოსამართლე, რომ ეთქვა თუ არა გამარჯობა, ეს მოსამართლეები სხვა ადამიანების ბედს ვერ გადაწყვეტენ" - ამბობს მამუკა ახვლედიანი.
შეგახსენებთ, სასამართლო სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებაზე, კლანზე, ქუჩურ გარჩევებსა და წინასწარ დაწერილ გადაწყვეტილებებზე გუშინ, 16 სექტემბერს, "მთავართან," უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ ისაუბრა.
ალავიძე დღეს "მთავართან" კონტაქტზე აღარ გამოდის.