
კიკეთში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. გელა ნიორაძის ადვოკატი ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის ნაწილში დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან მისი განზრახვა მკვლელობა არ ყოფილა.
უფლებადამცველის ინფორმაციითვე, ნიორაძემ ადგილზე თავის დასაცავად ისროლა, რადგან დაპირისპირების დროს მას და მის ოჯახის წევრს თავს დაესხნენ.
"აღიარებას რაც შეეხება, განზრახ მკვლელობას არ აღიარებს, მას ამის განზრახვა და სურვილი არ ჰქონია. ნანობს, რა თქმა უნდა, რომ არ მომხდარიყო ჯობდა, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს, მანამდე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კვლავ იყო ამის საფრთხე.
თავს დაესხნენ მარტო მას კი არა, მას და მისი ოჯახის წევრს, შვილს, ორივეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გადაუგდეს მანქანის გასაღები, შემდეგ ჩასული იყო ამ მანქანის გასაღების მოსაძებნად, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი", - თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, მკვლელობა კიკეთში გუშინ, 17 სექტემბერს ღამით მოხდა. ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით გია გათენაშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, კიდევ 5 პირი კი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ფინანსურ დავას მოჰყვა.
ავტორი: საბა ბუაძე