"შეძლებული ოჯახიდან ვარ, თქვენს მინისტრებში გერევით" - ბურჭულაძე ქონებაზე, "მთავარის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

მე თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ ღატაკები და წავიდნენ მილიარდერები - ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე "მთავარი არხის" ჟურნალისტს, მისი ქონების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

ბურჭულაძე ამბობს, რომ ქობულეთში მისი სახლი  1955 წელს, ბაბუის მამამ ააშენა, ხოლო წყნეთის სახლი  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს, 2010 წელს შეიძინა.

ბურჭულაძე თვლის, რომ მისი ქონების წარმომავლობის შესახებ დასმული შეკითხვა, ქართული ჯარის დისკრედიტაციაა. 

„არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. დამალვა რომ მინდოდეს, დედაჩემზე კი არ გაფორმდებოდა ქონება, გავაფორმებდი სხვაზე. კიდევ გეუბნებით, მე თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ ღატაკები და წავიდნენ მილიარდერები. მე ვიკავებდი საკმაოდ მაღალ პოზიციებს ბანკებში, სადაც 11 წელი ვიმუშავე. მას შემდეგ, რაც მინისტრად დავინიშნე, ჩემ სახელზე ვიყიდე მიწა ართანაში.

თქვენ ამით ჩემ რეპუტაციას კი არა, ქართული ჯარის რეპუტაციას ლახავთ, აღვივებთ შუღლს. თქვენი ფუნქციაა გააღვივოთ შუღლი და გასცეთ ინფორმაცია. ერეკლე მეორის დროს თქვენ ფუნქციას ვინც ასრულებდა, ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორეს არ ჰყავს მეზარბაზნეები. თქვენი მისია არის ქართული ჯარის და სახელმწიფოს დისკრედიტაცია“, - ამბობს თავდაცვის მინისტრი, რომლის ქონებაზე რეპორტაჟი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "შაბათის მთავარში" გავიდა. 

იხილეთ რეპორტაჟი:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი