"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი GDI-ის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას ეხმაურება, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ნიკა გვარამია ერთადერთია, რომელსაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პატიმრობა შეუფარდეს.
როგორც პროკურორი ამტკიცებს, ინფორმაცია არასრულია და 220-ე მუხლზე 2017 წლის შემდგომაც არაერთხელ გამოყენებულა სასჯელის სახით პატიმრობა.
"წინასასამართლო სხდომაზე, ჩვენ წარვადგინეთ უზენაესი სასამართლოს განცხადება, რომელმაც განმარტა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო შესაბამისობაში და იყო არასრული, ვინაიდან 2017 წლის შემდგომაც, 220-ე მუხლზე არაერთხელ გამოყენებულა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა და 2017 წლამდე კიდევ ბუნებრივია იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა 220-ე მუხლზე თავისუფლების აღკვეთა", - თქვა პროკურორმა.
ცნობისთვის, დღეს სააპელაციო სასამართლოში მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე GDI-ის წარმომადგენელს გამოკითხავენ, ამის შემდეგ კი მხარეები პოზიციებს წარადგენენ.
დაცვის მხარე ამბობს, რომ მათ სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ აქვთ: "დარწმუნებული ვარ სასამართლო იქნება ისეთივე წნეხის ქვეშ, როგორც პირველ ინსტანციაში" - თქვა ნიკა გვარამიას ადვოკატმა.
ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.