სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელს დაკითხავენ.
წულიკიძემ, უზენაესი სასამართლოდან ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ნიკა გვარამია ერთადერთია, რომელსაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პატიმრობა შეუფარდეს.
ოფიციალური სტატისტიკაც აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გასამართლებულებისთვის, ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი განაჩენი არ გამოუტანიათ.
"საპატიმრო სასჯელი, რომელიც მიესაჯა ნიკა გვარამიას, კონკრეტულად 220-ე მუხლთან დაკავშირებით, რაც ეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა. ჩვენთვის ეს იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ამით გავაკეთეთ ანალიზი საქართველოში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკასთან მიმართებაში და თუ რამდენად იყენებდა სასამართლო კონკრეტულად ამ ერთი მუხლით მსჯავრდადებულ პირებთან მიმართებით საპატიმრო სასჯელს", - თქვა გვანცა წულიკიძე.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა დღეს, 20 სექტემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.
ამავე თემაზე: