სააპელაციო სასამართლოში დღეს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს განიხილავენ. სხდომას თავად ნიკა გვარამიაც დაესწრება.
უფლებადამცველი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განხილვის ვადა უკვე დარღვეული აქვს. რაც შეეხება მოლოდინს, როგორც საძაგლიშვილი აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ სასამართლო ისეთივე წნეხის ქვეშ იქნება, როგორც პირველ ინსტანციაში იყო.
"ნიკა გვარამიას სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა სასამართლოს უკვე დარღვეული აქვს, თუმცა მეორეს მხრივ კარგია, რომ სასამართლომ 4 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომა გადმოწია 20 სექტემბერს, რადგან ბუნებრივია, ჩვენს ინტერესშია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ამ საქმის განხილვა, რადგან ნიკა გვარამია გასამართლებული იქნა გაყალბებული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები ვიწყებთ საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბებას, ვინაიდან, ეს არის სააპელაციო სასამართლო, აქ არ ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, ამიტომ მხარეებს მოუწვეთ შესავალი და დასკვნითი სიტყვების თქმა. გვაქვს მოლოდინი და დარწმუნებული ვართ ამაში, რომ აქაც სასამართლო იქნება ისეთივე წნეხის ქვეშ, როგორც ეს პირველ ინსტანციაში მოხდა", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პირველი სხდომა19 ივლისს გაიმართა, მეორე სხდომა თავდაპირველად 4 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე ის გადაიდო და 4 ოქტომბრის ნაცვლად 20 სექტემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.