საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი წინასწარი დაკავების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება. გრიგოლ ნარსია ცოტა ხნის წინ მოინახულეს ადვოკატებმა. უფლებადამცველის თქმით, ნარსიამ მას უთხრა, რომ ასაფეთქებელი მხოლოდ ბუტაფორია იყო: მხოლოდ და მხოლოდ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებლები არ იყო, ეს იყო სათამაშო, პნევმატური იარაღი მქონდაო - თქვა ნარსიას ადვოკატმა ციცი ბაბუნაშვილმა.
უფლებადამცველის ინფორმაციითვე, ნარსია ჩადენილის მოტივად შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს.
გრიგოლ ნარსია ბრალის წარდგენას ქუთაისის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში ელოდება. ის გუშინ, თითქმის 9 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ნარსიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ ჩაინიშნება სასამართლო, სადაც მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.