
ირანში ქალებმა თავსაბურავები დაწვეს - საპროტესტო აქციებზე, რომელიც უკვე მე-5 დღეა მიმდინარეობს, ქალები პროტესტის ნიშნად საჯაროდ იჭრიან თმას. ქალაქ კერმანის მთავარ მოედანზე ხალხი ტაშს უკრავს და სკანდირებს: სიკვდილი დიქტატორს!
ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციებზე უკვე სამი ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, პოლიცია ცეცხლსასროლ იარაღი იყენებს.
დემონსტრაციების მიზეზი ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალება გახდა. გაერო ოფიციალურ თეირანს მოუწოდებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცეს, მომხდართან დაკავშირებით კი, ობიექტური გამოძიება დაიწყოს.
მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გულის შეტევა დაემართა, რასაც გარდაცვლილის მამა უარყოფს. ის ამბობს, რომ შვილს ფეხებზე სისხლჩაქცევები ჰქონდა.