"მუშაობა არავის აუკრძალავს" - მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში მხილებული პედაგოგი ორ სკოლაში მუშაობს

გამოქვეყნდა:

60 წელს გადაცილებული პედაგოგი, რომელიც მოსწავლეების მიმართ, გარყვნილ ქმედებაშია დადანაშაულებული, ორ სხვადასხვა სკოლაში საქმიანობას აგრძელებს. 

საქმე ეხება შიდა ქართლის სკოლებს. 20 ივნისს "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ შიდა ქართლის ორ სკოლაში სამართალდამცველები შესაძლო მძიმე დანაშაულებს სწავლობენ.

ინფორმაციას, რომ კაცი საქმიანობას განმაგრძობს, ადასტურებენ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, სადაც აცხადებენ, რომ სკოლამ პედაგოგი მხოლოდ იმ კლასისთვის ჩამოცილება უზრუნველყო, სადაც შესაძლო დანაშაულს შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

"სკოლამ უზრუნველყო, რომ ეს პედაგოგი არ შედის იმ კლასში, სადაც სავარაუდო დანაშაული შეიძლებოდა მომხდარიყო. სკოლას სხვა საფუძველი არ აქვს, რომ პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლოს, მას იცავს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას", - ამბობს გორის რესურსცენტრის დირექტორი.

გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებული მასწავლებელი ამბობს, რომ მისთვის მუშაობა არავის აუკრძალავს. ის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მას ბრალეულობა არ დაუმტკიცდა. შსს-ში კი "მთავარ არხს" დღეს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.

"მუშაობა არ შემიწყვეტია არასდროს, ვმუშაობდი და ახლაც ჩვეულებრივ ვმუშაობ. არავის ჩემთვის მუშაობა არ აუკრძალავს, პირიქით, დამტკიცდა, რომ ეს იყო ცილისწამება. თქვენ შეგიძლიათ მიბრძანდეთ და გამოძიებას გაესაუბროთ.

წერია, რომ მე მათ [ბავშვებს] ინტიმურ ადგილებზე ვუყურებდი, ჩემი მანქანით გასეირნებას ვთავაზობდი, მაშინ როცა მე 2 სექტემბერს დავამტვრიე მანქანა და გავყიდე და მაგათთან პირველად 16 თუ 17 სექტემბერს შევედი", - თქვა მასწავლებელმა.

რატომ აძლევენ უფლებას ჩაატაროს გაკვეთილები მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილმა პირმა, მაშინ როცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება ჯერ ისევ არ დასრულებულა, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ კანონის წინაში უძლურები არიან, რადგან მათი განმარტებით, იქამდე ვიდრე, გამოძიება მას დამნაშავედ არ ცნობს, ხელშეკრულებას ვერ გაუწყვეტენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორელი მასწავლებლის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით  მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი