რაც მუმლაძემ ილაპარაკა, არაფერს ვადასტურებ - ენმ-ს წევრი, რომელიც გუშინ დააკავეს, თავისუფალია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელიც პოლიციამ გუშინ საღამოს დააკავა, უკვე თავისუფალია.

თენგო სანაიას დაკავების მიზეზი მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინებებია, რომელიც სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის თქმით, სანაიასგან მიიღო. ფაქტს წინ ენმ-ს ოფისში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ.

თავად თენგო სანაია ბრალდებებს არ ეთანხმება და არც იმ მიმოწერის შინაარსს ადასტურებს, რომელიც მუმლაძემ გაასაჯაროვა. დაკავებამდე სანაიას სახლში ჩხრეკაც ჩატარდა.

"არც დაუტოვებიათ კუთხე-კუნჭული. ყველაფერი თავდაყირა დააყენეს, ეძებდნენ იარაღს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. იმასთან დაკავშირებით, რაც ილაპარაკა გიორგი მუმლაძემ, რომ თურმე მე მას მოკვლით ვემუქრებოდი და ა.შ. არაფერს ვადასტურებ, გამოძიებას მივეცი ამომწურავი ჩვენება.

ის არ არის პარტიის წევრი, ასეთი ადამიანი მოვიდა პარტიის ოფისში, სადაც ითხოვდა პარტიის თავმჯდომარის გადაყენებას და ამას ითხოვდა ძალიან აგრესიული ფორმებით, მათ შორის გამოიხატებოდა იმაში, რომ სამუშაო კაბინეტის კარებს უნგრევდა, ყველას შეურაცხყოფა მოგვაყენა, რის შემდეგაც, ეს ადამიანები ოფისიდან გააძევეს", - თქვა თენგო სანაიამ.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს გიორგი მუმლაძემ ნაციონალური მოძრაობის ოფისში მომხდარ დაპირისპირებაზე საჯაროდ ისაუბრა. მუმლაძის თქმით, ნიკა მელია მისი და მისი მეგობრების დანახვამ და ასევე მისმა ფეისბუქ-აქტივობამ გააღიზიანა და პროვოკატორი უწოდა, რასაც მისი მხრიდან სიტყვიერი პასუხი, მელიას გარემოცვიდან კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

მუმლაძეს პარტიაშიც უპასუხეს. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქტივისტი გიორგი მუმლაძე რამდენიმე პირთან ერთად ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და "შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი