დიდი ხანია თქვენი მასპინძლობა გვსურს და დღეს ამ ვიზიტით ძალიან გაგვახარეთ - ამ სიტყვებით მიმართა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელიც დღეს ბიჭვინთაში ჩავიდა:
"თქვენ ჩვენთვის ძალიან სასურველი სტუმარი ბრძანდებით. თქვენს მიერ 1996 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანიზაციის შეხვედრაზე ნათქვამი სიტყვები რომ აფხაზეთის იზოლაცია და ეკონომიკური ბლოკადა უსამართლობაა და თქვენს მიერ მაშინ მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. აფხაზი ერი ამის აფასებს. ჩვენ თბილი ადამიანური დამოკიდებულება გვაქვს. დიდი ხანია თქვენი მასპინძლობა გვსურს და დღეს ამ ვიზიტით ძალიან გაგვახარეთ. ეს აფხაზეთს ახალ იმპულსს მისცემს. ჩვენ ქვეყნებსა და ხალხს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დათბება, ისე როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო." მიმართა ბჟანიამ ლუკაშენკოს.
ლუკაშენკომ კი არაღიარებულ ბჟანიას "თბილი მიღებისთვის" მადლობა გადაუხადა და საკუთარ ნოსტალგიებზე ილაპარაკა:
"მადლობა თბილი მიღებისთვის. ნოსტალგია ადამიანს არასოდეს ტოვებს. აფხაზეთის წმინდა მიწაზე ბოლოს 25 ან 27 წლის წინ ვიყავი. მაშინ პრეზიდენტი არ ვიყავი. მაშინ ათონის მონასტერმა ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. სოხუმშიც ვიყავით. სანაპიროზე გავისეირნეთ. გუშინ ვლადიმერ პუტინთან აფხაზეთის პრობლემებზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. აფხაზეთის საქმეებითა და პრობლემებით ის ძალიან დაინტერესებულია.
საერთო გადაწყვეტილებამდე მივედით, რომ აფხაზეთი არსებობს და მას რუკიდან ვერ წაშლი. უნდა დავეხმაროთ რათა ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ. არ იფიქროთ რომ აფხაზეთში გარკვეული ვითარებების გამო ჩამოვედი. ჩვენ გეოპოლიტიკური კუთხით კარგ ვითარებაში ვართ. უბრალოდ გვინდა რომ ჩვენს ურთიერთობები ეკონომიკა და სავაჭრო კავშირები ჩვენი პარტნიორობის ფუნდამენტი გახდეს. აფხაზეთის პრობლემებზე საქართველოს მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელებთან არაერთხელ მისაუბრია. დეტალების დასახელებისგან თავს შევიკავებ თუმცა გეტყვით, არაფერი ცუდი არ შემიმჩნევია. ჩვენ არავის არაფერს ვუშავებთ, არც ქართველებს და არც სხვებს. ჩვენ აქ კეთილი გულით ჩამოვედით. თუ რამით შემიძლია დაგეხმაროთ, მზად ვართ. მთავარია რომ აფხაზეთში ხალხმა კარგად იცხოვროს. დადგა დრო რომ ჩვენს მიწაზე ბედნიერება მოვიპოვოთ. გარდა იმისა რომ რუსეთისგან თქვენი დახმარებაზე თანხმობა მივიღეთ, რუსეთი მზად არის თქვენს გვერდით დადგეს" თქვა ლუკაშენკომ.