ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.
ინფორმაციას არაღიარებული პრეზიდენტის, ბჟანიას ვებგვერდი ავრცელებს და ამბობს, რომ შეხვედრა ბიჭვინთის აგარაკზე გაიმართა.
"თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა არასწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ აფხაზეთმა იცის და აფასებს. ჩვენ გვაქვს კარგი ადამიანური ურთიერთობები. ძალიან კმაყოფილი ვართ თქვენი ჩასვლით", - თქვა ბჟანიამ.
ლუკაშენკომ თქვა, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს "აფხაზეთის პრობლემები".
"მივედით იმავე დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა იყოს მიტოვებული. მას დახმარება სჭირდება, რათა ამ აყვავებულ მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა, ნორმალურად იცხოვროს", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისივე მტკიცებით, ვიზიტი აფხაზეთში რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება.