
28 სექტემბერს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ინტერესების უხეში ხელყოფა, ‘ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’ საქართველოს კანონის დარღვევა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფაა - ნათქვამია პარტია "ლელოს" განცხადებაში ლუკაშენკოს აფხაზურ "ვიზიტთან" დაკავშირებით.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ ბელარუსმა უახლოეს მომავალში შესაძლოა არაღიარების პოლიტიკას გადახედოს:
"აღნიშნული ვიზიტი მიანიშნებს, საფრთხე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას, რეალურია.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი მოითხოვს დაუყონებლივ და სწრაფ რეაგირებას.
1. საქართველომ კონსულტაციებისთვის უნდა გამოიწვიოს ბელარუსში საქართველოს მიერ აკრედიტირებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
2. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს უნდა წარუდგინოს ოფიციალური ნოტა, რომლითაც ბელარუსის მხარეს მოსთხოვს ოფიციალური განცხადების გაკეთებას-საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
3. აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსულტაციებზე გაწვევის საკითხი.
4. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბელარუსისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის გამკაცრების თაობაზე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში.
5. გაეროს და ეუთო-ს შესაბამის ფორმატებს და, ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტს ეთხოვოს, აღნიშნულ ფაქტზე მსჯელობის გამართვა და აღნიშნულ ორგანიზაცებში ბელარუსის ელჩების გამოძახება, განმარტებების მისაცემად.
ხელისუფლება, რომელმაც უკვე მრავალი წელი დაკარგა მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზით რაიმე შედეგის მისაღწევად, დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას, მორიგ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, როდესაც ვერანაირ ქმედით პოლიტიკას ვერ უპირისპირებს რუსეთის დღის წესრიგს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში." წერს "ლელო"
დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა.