
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ფანტაზიას უწოდებს.
საუბარია ვაშაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, "ოცნების" ხელისუფლებამ უარი თქვა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ამერიკის მრავალმილიარდიან შეთავაზებასა და მფრინავების გადამზადებაზე.
ხელაშვილის განმარტებით, მსგავს გადაწყვეტილებებს აშშ მაღალ დონეზე იღებს და ის რეალობისგან შორსაა.
"მე მსგავსი ინფორმაცია არასდროს მომისმენია და ვფიქრობ, ეს არის ბატონი ვაშაძის ფანტაზიის შედეგი. ეს არის მეტისმეტად რთული გადასაწყვეტი აშშ-თვის, მსგავსი დახმარებების ასეთ ასტრონომიულ ხარისხში აყვანა წამიერად არ ხდება, ამას სჭირდება ძალიან დიდი გადაწყვეტილებები კონგრესის მხარეს, ადმინისტრაციის მხარეს. ამიტომაც ვამბობ, რომ ბატონი ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმდენად შორსაა რეალობიდან, მე მაქვს ეჭვი, რომ ეს არის მისი ამოუწურავი ფანტაზიის ნაწილი", - თქვა გიორგი ხელაშვილმა.