პუტინმა და მისმა ოთხმა მარიონეტმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გააფორმეს

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოთხმა მარიონეტმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გააფორმეს. პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, "დოკუმენტს" ხელი მოაწერეს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ. ლიდერებმა. კრემლში გამართულ ღონისძიებაზე ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა საზეიმოდ გამოაცხადა, რომ "რუსეთში ოთხი ახალი რეგიონია".

"მოგეხსენებათ, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, რეფერენდუმები ჩატარდა. მათი შედეგები შეჯამდა, შედეგები ცნობილია. ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, მკაფიო არჩევანი. დღეს ჩვენ ვაფორმებთ ხელშეკრულებებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქის რუსეთში მიღების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური ასამბლეა მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ კანონებს რუსეთში ოთხი ახალი რეგიონის, რუსეთის ფედერაციის ოთხი ახალი სუბიექტის მიღებისა და ჩამოყალიბების შესახებ, რადგან ეს მილიონობით ადამიანის ნებაა. მინდა, მომისმინოს კიევის ხელისუფლებამ და მისმა რეალურმა პატრონებმა დასავლეთში. ყველამ დაიმახსოვროს – ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ. მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება, ის ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა, და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ეს არაერთხელ ითქვა, თუმცა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიეში, ხერსონში ხალხის არჩევანს არ განვიხილავთ. ეს არჩევანი გაკეთდა და რუსეთი მას არ უღალატებს. კიევის დღევანდელი ხელისუფლება პატივისცემით უნდა მოეპყროს ხალხის ნების ამ გამოხატვას. მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს გზა მშვიდობისკენ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალით და საშუალებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხო ცხოვრება. ამაშია ჩვენი ხალხის დიდი განმათავისუფლებელი მისია." თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, რუსეთის მტკიცებით, "რეფერენდუმებზე", რომელიც აღნიშნულ რეგიონებში ჩაატარეს, მოსახლეობის უმრავლესობამ რუსეთში შესვლას "მისცა ხმა".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი