ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკომისიის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფართა მაძიებელთა რაოდენობამ მოიმატა.
ეს ანგარიში არის საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი აღიარება. სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებს აღებული ვალდებულების შესრულებას და საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული მოქალაქეების უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით, - ამბობს დავით ზალკალიანი.
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებისა, არსებული საერთო რაოდენობა შემაშფოთბელია, განსაკუთრებით კი ალბანეთთან და საქართველოსთან მიმართებით, რადგან ამ ქვეყნებიდან მიგრაციის რაოდენობამ მოიმატა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ იმ ქვეყნების უმეტესობაში, რომლებიც ევროკავშირიში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, არსებული კრიმინალური დაჯგუფებები ნარკოტიკის, იარაღის და თამბაქოს უკანონო ვაჭრობას კვლავ განაგრძობენ. ანგარიშის ავტორების განმარტებით, ამ ქვეყნებში ყველაზე დიდი პრობელმა არის კორუფცია, რომელიც განსაკუთრებით მოლდოვასა და უკრაინაში შეინიშნება. კორუფციონერების მოქმედების არეალს კი, მათი თქმით, განსაკუთრებით საბანკო სფერო წამოდგენს.