მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე გასვლითი სხდომა ვივა მედის იმ პალატაში დაინიშნა, სადაც უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მკურნალობს. თუმცა, უფლებადამცველის განმარტებით, პროცესის ჩატარება ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.
დღესვე პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი უცხოელმა ექსპერტმა მოინახულა. თუმცა, როგორც ადვოკატი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი იმდენად დასუსტებულია, რომ მისი მდგომარეობის დიაგნოსტირება ვერც ექიმებმა შეძლეს.
"პროკურატურა და სასამართლო, საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების მარტივი ინსტრუმენტები, შეუვარდნენ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის მწოლიარე მდგომარეობაში, ამ შევარდნამ გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, ე.წ. კრიზი, მათ შორის წნევის მკაფიო ცვალებადობა, ის გახდა ცუდად და საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა" განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, ტყუილია პროკურორების განცხადება, რომ საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის რეკომენდაცია გასცა.
პროკურატურა კი დღეს ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა შეეძლო, უბრალოდ, არ სურდა.
მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის დამძიმების გამო, დღეს ვერ შედგება ექსპერტიზა, რომლისთვისაც ამერიკელი ექსპერტია ჩამოსული. ის ამჟამადაც მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება, თუმცა როდის ჩატარდება სამედიცინო კვლევები ჯერ უცნობია.
"უმძიმესი სურათი დამხვდა, მიჭირს კიდეც ამის გადმოცემა, კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება, მერე განაცხადა, რომ თუ ამერიკელ ექსპერტს არ დაუშვებდნენ წამალსაც არ მიიღებდა, უკვე საშიშროება იყო ინფარქტი ან ინსულტი მიეღო, იმიტომ, რომ 200 ჰქონდა წნევა, მერე დაცვის სამსახურმა უზრუნველჰყო, რომ ეს ექსპერტი შემოეყვანათ" განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, სამედიცინო პალატაში ბრალდებულისთვის სასამართლოს გამართვის შემთხვევებზე, სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი, რომ ეს უკანონობაა.
მომდევნო პროცესი ე.წ. საზღვრის კვეთაზე 19 ოქტომბერს, სავარაუდოდ ისევ კლინიკის პალატაში ჩაინიშნება.