საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა დროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრით დაიწყო.
მისი განცხადებით, საქართველომ და რუმინეთმა იცის რისი გამკეთებელია რუსეთი, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია.
"არ შეიძლება ჩემი გამოსვლა არ დავიწყო იმით, თუ რა ხდება ახლა ამ წუთას უკრაინაში, ის სასტიკი სარაკეტო იერიში, რომელიც ახლა ხორციელდება უკრაინის მოსახლეობაზე და აქედანაც არ დავგმო! ეს ქვეყანა [რუმინეთი] არის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს უკრაინასთან, ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ ამ კონფლიქტთან და სრულიად თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს.
ის რაც ხდება უკრაინის ქალაქებში, სრულიად მიუღებელია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენთვის - საქართველოსა და რუმინეთისთვის, ჩვენ რუსული იმპერიული პოლიტიკისა და საბჭოთა პოლიტიკის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, რას ნიშნავს ოკუპაცია, ვიცით რისი გამკეთებელია რუსეთი, ეს ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლაა.
დღეს, ეს ყველაფერი - ის რაც ისმის, ბირთვული უსაფრთხოების კუთხით, ის რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი ასევე იწყებს მობილიზაციას, რასაც მთელს რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს, იმ სასტიკი აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც დაუშვებელია მშვიდობიანი სამყაროსთვის", - თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ამ აგრესიის წინააღმდეგ მთავარი იარაღი სოლიდარობაა და საქართველო ყოველთვის და ყველა მხრივ მზად იყო და მზად არის გამოიჩინოს ეს სოლიდარობა.
ცნობისთვის, დღეს რუმინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.