გუშინ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა.
პარტია "ლელო - საქართველოსთვის" წევრი, თამარ ბელქანია ამბობს, რომ გია ხარჩილავას მანქანას, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა სავარაუდოდ, საწვავი გადაასხეს და დაწვეს.
"მე სიტყვები არ მაქვს, რომ გითხრათ, რომ უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს, ნამდვილად არა. ბუნებრივია, გამოძიება დაადგენს მომხდარს, გვაქვს ამის იმედი", - ამბობს ბელქანია.
მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით ღამის 4 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებული მანქანის ნაწილები პოლიციის შენობაშია გადატანილია.
ცნობისთვის, გია ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი მერია, რომელმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.
"მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, ავტომობილი კი ექპსერტიზაზეა გადაყვანილი.