
გამოცემა Insider-ის ინფორმაციით, ილონ მასკმა პირადად უარყო უკრაინის მოთხოვნა SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის ყირიმში გაფართოების შესახებ. მედიის თქმით, მასკი შიშობს, რომ უკრაინის მიერ ნახევარკუნძულის რუსეთის კონტროლისგან დაბრუნების მცდელობამ, შესაძლოა, ბირთვული ომი გამოიწვიოს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თებერვალში, შეერთებულმა შტატებმა და მასკმა უკრაინას Starlink-ის ათასობით სისტემა გადასცა, რამაც ქვეყანას შესაძლებლობა მისცა კომუნიკაცია დაემყარებინა ე.წ. მკვდარ ზონაში. აგვისტოში Yahoo news-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ენერგოეფექტური სატელიტური მიმღების მეშვეობით უკრაინას საშუალება მიეცა მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატებით რეალურ დროში მიეღო ინფორმაცია რუსული ძალების გადაადგილებისა და მათი სამიზნე ობიექტების შესახებ.
თუმცა ბოლო კვირებში პრობლემა წარმოიშვა. გასულ კვირას უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Financial Times-ს უთხრა, რომ სისტემას ფრონტის ხაზზე "კატასტროფული" ხარვეზები აქვს. მედიის ცნობით, აქედან გამომდინარე გაჩნდა ეჭვი, რომ ის რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გათიშეს - შესაძლოა იმის გამო, რომ ის კრემლს არ გამოეყენებინა.
მასკმა twitter-ზე დაწერა, რომ ის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე ვერ ისაუბრებს, რადგან ეს კონფიდენციალურია, თუმცა Insider-ის ცნობით, სექტემბრის ბოლოს Eurasia Group-ის ანალიტიკოსთან, იან ბრემერთან, მასკმა დაადასტურა, რომ სატელიტური სერვისი განზრახ გათიშეს.
საკითხზე კომენტარი არც SpaceX და არც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია.
ბრემერის თქმით, მასკმა მას უთხრა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში Starlink-ის გააქტიურება სთხოვა, თუმცა მასკმა ვითარების შესაძლო ესკალაციის საფრთხის გამო უარი უთხრა. ბრემერის თქმით, საუბარში მასკი ამბობდა, რომ ის ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა და ამტკიცებდა, რომ პუტინი მოლაპარაკებებისთვის მზად იყო.
როგორც ბრემერი ამბობს, მასკმა მას უთხრა, რომ საუბრისას პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ყირიმის დაბრუნებას შეეცდებოდა.
ილონ მასკმა დღეს უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის პუტინს ესაუბრა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია 18 თვის წინ ჰქონდა, თემა კი კოსმოსი იყო. ბრემერმა კი სოცილუარ ქსელში დაწერა, როგორ უთხრა მას მასკმა, რომ " პუტინს და კრემლს უშუალოდ უკრაინაზე ელაპრაკა".