თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია ამბობს, რომ ვაკის პარკში მდებარე შადრევნის რეაბილიტაციის პროცესი აგვისტოში დასრულდა და ამის შემდეგ სისტემის ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მისი თქმით, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულ შადრევანში და აქტიურად აკეთებდნენ სისტემის ტესტირებას.
„მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს ქალაქში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გვქონია. ამ შემთხვევაშიც, გათვალისწინებული იყო კონკრეტული „რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს. ახლა გამოძიების საგანია, რატომ არ იმუშავა ამ ხელსაწყომ. ამასთან, რეალურად შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა აგვისტოს ბოლოს, რის შემდეგაც, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულ შადრევანში, აქტიურად აკეთებდნენ სისტემის ტესტირებას და რაიმე შემთხვევა არც ერთხელ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისი განცხადებით, მერიამ შეისყიდა კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც დაექსპერტებული ჩაიბარეს, ანუ მას მოჰყვა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა და დაიწყო უშუალოდ კასკადის რეაბილიტაციის განხორციელება.
"ამ პროცესში ასევე ჩართულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც უწევს ტექნიკურ ზედამხედველობას და აკეთებს მოცულობების დადასტურებას, ანუ რა მოცულობები და რა სახის მასალები შემოვიდა ობიექტზე. როდესაც მოდის კონკრეტული ეტაპის მიღება-ჩაბარების დრო, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რისი საფუძველიც არის საექსპერტო დასკვნა ჩატარებულ სამუშაოებზე. საექსპერტო ბიურო ადარებს პროექტის შესაბამისობას შესრულებულ სამუშაოსთან და წერს შესაბამის დადებით დასკვნას, რომლის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოს ჩაბარება ხდება", - თქვა მან.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. დაშავებულთაგან ერთი მოზარდი იაშვილის კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს, კიდევ 13 წლის ბიჭი კი, რომელიც "ნიუ ჰოსპიტალში" რჩება, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.