ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება - თქვა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, ორდღიანი ვიზიტის შემდეგ. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტების სხვა კითხვებზეც გასცა პასუხი.
პუტინი მობილიზაციაზე:
რუსული მედიის ცნობით, პუტინმა თქვა, რომ დაგეგმილი 300 000-დან 222 000 ადამიანი უკვე გაგზავნილია ქვედანაყოფში და თავდაცვის სამინისტროსგან მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდაზე მოთხოვნა არ ყოფილა. პუტინის მტკიცებით, კონტაქტის ხაზი 1 100 კილომეტრზე იყო გადაჭიმული, მისი დაცვა მხოლოდ საკონტრაქტო ჯარისკაცების ძალებით შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ნაწილობრივი მობილიზაცია.
თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე:
კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა უკრაინის ქალაქებზე უფრო მასობრივ დარტყმებს, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: „ახლა არ არის საჭირო მასიური დარტყმები, ყოველ შემთხვევაში ახლა, ახლა, ახლა სხვა ამოცანებია“.
უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შესახებ:
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნანობს თუ არა რამეს, პუტინმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შესახებ სწორი და დროული იყო. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს მეზობელი სახელმწიფოს განადგურების ამოცანა არ დაუსახავს.
იქნება თუ არა ბაიდენთან შეხვედრა G20-ზე?
პუტინმა აღნიშნა, რომ G20-ის სამიტში მისი პირადი მონაწილეობის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბრისას რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ასეთი საუბრის პლატფორმა ჯერ არ არსებობს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ G20-ის არცერთ ლიდერთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ ჯერ არ არის საუბარი, მაგრამ მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა ზოგიერთ მათგანთან.