ლაბორატორია რესტორნების ქუჩაზე. ბელიაშვილის 78 ნომერში, უნივერსიტეტის კორპუსის პირველ სართულზე კერძო ლაბორატორია, ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს მუშაობას. შპს "მედ დიაგნოსტიკის" არც მიმანიშნებელი აბრა გამოუკრავთ და არც სამუშაო სივრცე მოუწყვიათ. დიდი ამბიციების მქონე ლაბორატორია სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, "მედ დიაგნოსტიკა" 2019 წლის 11 ნოემბერს დაფუძნდა და უკვე მოიპოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სრული პერსონალის პისიარ ტესტირების უფლება. ცნობილია, რომ კოვიდ 19-ის ვირუსზე თვეში დაახლოებით 10 ათასი ადამიანის კვლევა უნდა ჩაატაროს.
ინტერესი კოვიდ 19-ის ტესტებთან დაკავშირებით რომ განსაკუთრებით დიდი იყო, სხვა კერძო ლაბორატორიებიც ადასტურებენ. "მთავარს არხს" სანდო წყარო უყვება, რომ თავდაპირველად სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ტესტირება ექვს ლაბორატორიას უნდა ჩაეტარებინა, პირველი ეტაპი ოთხი მაისიდან დაიწყო და სასწრაფოს 15 ცენტრის 1300-მდე თანამშრომელს ტესტი სწორედ შეთანხმებული გეგმის მიხედვით ჩაუტარდა, მათ შორის კვლევები აწარმოა შპს "მედ დიაგნოსტიკმაც", ლაბორატორიის ხელმძღვანელი ამ ფაქტს ღიად ადასტურებს.
კოვიდ 19-ზე პისიარ ტესტს სასწრაფოს 1300-მდე თანამშრომლისთვის და 20 საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ 1700-ზე მეტი ადამიანისთვის, სახელმწიფო 14 დღში ერთხელ ატარებს. სახელმწიფოს ეს პროცესი თვეში ნახევარი მილიონი ლარი უჯდება. აღმოჩნდა, რომ ტესტირების მეორე ეტაპი და ყოველთვიური თანხა ბიუჯეტიდან მხოლოდ ერთ ლაბორატორიას "მედ დიაგნოსტიკს" მისცეს. სხვა ყველა კერძო ლაბორატორიას კი არ განუმარტეს, რატომ ვერ ანდობდნენ სასწრაფოს ექიმებისა და სამსახურის სხვა პერსონალის ჯანმრთელობას, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ლაბორატორიებს დიდი რეპუტაციული და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სახელმწიფომ პროგრამაში ჩართული ლაბორატორიები ფაქტის წინაშე დააყენა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ რამდენიმე შეხვედრას ყველა იმ ლაბორატორიის ხელმძღვანელი ესწრებოდა, რომელმაც სასწრაფოს ექიმების ტესტირების პირველი ეტაპი ჩაატარა. დახურულ აუდიენციაზე არც ერთხელ ყოფილა "მედ დიაგნოსტიკის" წარმომადგენელი, თუმცა გაურკვეველ სიტუაციაში, სწორედ ეს ლაბორატორია აღმოჩნდა, რომელიც სასწრაფოს ექიმების კოვიდ ტესტებისთვის სახელმწიფოსგან დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს თვეში. გადაწყვეტილების მიმღები კი სწორედ ამირან გამყრელიძის სამსახურია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ დიდი კითხვის ნიშანი გააჩინა. სავარაუდო გარიგების კვალი "მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომდე მიდის, ვიდაიდან საქმე სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისა და საკარანტინო სივრცეების ლაბორატორიულ კვლევებს ეხება, ავთანდილ თალაკვაძის გვარმა გაიჟღერა, პარლამენტის თავმჯდომარის ძმა, დღემდე იმ სამსახურს ხელმძღვანელობს, რომლის დაქვემდებარებაშიც სწორედ სასწრაფო ჯგუფებია. თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ გავლენიანი პოლიტიკოსის ძმა ამირან გამყრელიძის სამსახური აუცილებლად კითხავდა, რომელი ლაბორატორიისთვის მიეცათ კოვიდ ტესტების ჩატარების შესაძლებლობა, თანაც მაშინ როდესაც, ვინ რომელ სამსახურს შეამოწმებს კოვიდ 19-ზე ამას დაავადებათა კონტროლი წყვეტს.
კორუფციული დანაშაული თუ კარგად დაგეგმილი გარიგება? კითხვები ამ გადაწყვეტილების ირგვლივ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელს შეკითხვით არაერთხელ მივმართეთ, თუმცა ამირან გამყრელიძეს საეჭვო გარემოებებთან დაკავშირებით საუბარი არ სურს, ოთხდღიანი ლოდინის შემდეგ, გადაწყვეტილების მიმღები სამსახურის უფროსმა "მთავარ არხთან" საუბარი არ ისურვა. ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკი" შეთანხმების საფუძველზე ნახევარ მილიონამდე ღირებულების ტესტს სახელმწიფოს დაკვეთით ისევ გააკეთებს.