ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ბრიუსელში ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ვიზიტს გამოეხმაურა.
ჯაფარიძემ და ვაშაძემ დღეს ვიზიტის დეტალებზე ისაუბრეს და საზოგადოებას ის შეშფოთებები გააცნეს, რაც დასავლელ პარტნიორებს საქართველოსთან მიმართებით აქვთ, თუმცა იონათამიშვილმა ამ მიგნებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა და ვაშაძეს და ჯაფარიძეს არაკომპეტენტური უწოდა.
"ამ ორი ბატონის ბრიუსელში ვიზიტით რაც დადასტურდა არის ის, როგორი არაკომპეტენტური რადიკალური ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ვერ გაურჩევია იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ნიდერლანდის მოქმედი პრემიერმინისტრისგან და ფაქტობრივად, ეს ადამიანები იქ ჩასული იყვნენ, რომ დერეფნებში სელფები გადაეღოთ სხვადასხვა ევროპელ ლიდერებთან, თანაც ისე რომ არ იცოდნენ სინამდვილეში რომელ ქვეყანას ან პარტიას წარმოადგენდნენ, შესაბამისად, რაც არ უნდა ილაპარაკონ ამ ადამიანებმა, ისინი მხოლოდ თავის არაკომპეტენტურობასა და უშინაარსობას გამოააშკარავებდნენ", - თქვა რატი იონათამიშვილმა.
იონათამიშვილის მსგავსი ცინიკური დამოკიდებულება აქვს ალუდა ღუდუშაურსაც - "ნახეთ ალბათ ხო ბატონო ვაშაძე კედელს რომ ესაუბრება? მომისმინეთ, რამდენ ასეთ სისულელეზე უნდა დავდგეთ და სერიოზული კომენტარი ვაკეთოთ", - თქვა ღუდუშაურმა.
19-21 ოქტომბერს ბრიუსელში გიორგი ვაშაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიზიტი გაიმართა. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ALDE-ს წევრ პარტიათა ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, თუმცა შეხვედრები ასევე შედგა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოს და ჩვენი რეგიონის საკითხებზე, მათ შორის ევროკომისიის მიერ შედგენილ 12 პუნქტზე.
შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური - ანუ საქართველო კვლავ ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს - აცხადებენ ვაშაძე და ჯაფარიძე ვიზიტის შეჯამებისას.
ამავე თემაზე