სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს საკრებულოს დეპუტატი ზვიად კუპრავა. მისი და კიდევ ერთი პირის წინააღმდეგ პროკურატურამ სიხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საქმე ეხება 2020 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობას. პროკურატურა ამბობს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ზ.კ.-მ და კ.ხ-მ ერთმანეთის მიმართ ძალადობა განახორციელეს.
"კ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზ.კ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინება", - წერია უწყების განცხადებაში.
ზვიად კუპრავას თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, გარდა იმ მოწმეთა ჩვენებისა, რომლებიც "ქართული ოცნების'' აქტივისტები, საარჩევნო უბნის ხელმძღვანელები და კოორდინატორები არიან.