კიდევ ერთი პოლიტიკური განაჩენის მოლოდინში - ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციაში დასრულდა, და ნიკას ბოლო სიტყვის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგია ზუსტად 7 დღეა სათათბიროდაა გასული. რეალურად ჩვენ ყოველ დღე ველოდებით ამ განაჩენის გამოცხადებას და ეს შეიძლება უახლოეს საათებშიც კი მოხდეს.
ეს საქმე რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია - ამაზე დღეს კითხვა აღარავის რჩება. არც საქართველოში, და არც უცხოეთში. ნიკას გათავისუფლებაზე და მედიის მიმართ უსამართლო დევნის შეწყვეტაზე კი არა მხოლოდ ცალკეული ტელევიზიების, არამედ ქვეყნის მომავალი დგას.
მართლმსაჯულების რეფორმა და მედიის დევნის დასრულება 2 მთავარი პუნქტია ევროკავშირის მიერ დასახელებულ 12 პუნქტს შორის. საერთოდ აპირებს კი ხელისუფლება ამ პუნქტების შესრულებას? აპირებს კი დღევადნელი ხელისუფლება საქართვერლოს ევროპულ გზაზე შეყენებას და მდიდარი, დემოკრატიული და ღირსეული ქვეყნის აშენებას მისი ყველა მოქალაქისთვის? კარგად მოუსმინეთ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მერე თავად განსაჯეთ.
ერთი სიტყვით, ახლა ჩვენ ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ - თავისუფლ სამყაროსა და ბოროტების იმპერიას შორის. თავისუფლებასა და მონობას შორის. და საით წავა ჩვენი ქვეყანა, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, სხვა არავისზე, არც მტერზე და არც მოყვარეზე. მტერმა შეძლება შეგიშალოს ხელი, მეგობარი შეიძლება დაგეხმაროს - მაგრამ შენ თუ არაფერი გააკეთე, შენ თუ გვერდით დადექი და ბუზების თვლა დაიწყე - თავისთავად არაფერი მოხდება, კარგი მითუმეტეს.