ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა

გამოქვეყნდა:

ბრაზილიაში, საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა. მან ულტრამემარჯვენე მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დაამარცხა.

ხმების დათვლის შემდეგ, ლულა და სილვამ 50.9 პროცენტი მიიღო.

გამარჯვებულმა კანდიდატმა 2018 წლის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან ციხეში იყო. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრაზილიური სამშენებლო ფირმისგან ქრთამის მიღებაში ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-თან ხელშეკრულებების სანაცვლოდ.

ლულამ ციხეში 580 დღე გაატარა, სანამ ნასამართლობა არ გაუქმდებოდა, რის შემდეგაც პოლიტიკურ ბრძოლას დაუბრუნდა. "ისინი ცდილობდნენ ჩემ ცოცხლად დამარხვას და აი, მე აქ ვარ", - ამ სიტყვებით დაიწყო მან გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლა. 

ბოლსონარუსთან დაახლოებულმა დეპუტატებმა კონგრესში უმრავლესობა მოიპოვეს, რაც ნიშნავს, რომ ლულას საკანონმდებლო ორგანოში მკაცრი წინააღმდეგობა შეექმნება. თუმცა ყოფილი პრეზიდენტისთვის პოლიტიკური ალიანსების გაფორმება უცხო არაა.

ლუის ინასიო ლულა 77 წლისაა, ის პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი