მთავარი არხის პატიმრობაში მყოფი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე გადაცემა "დღის სტუმარში" სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას პოზიტიური მოლოდინი არ ჰქონია და ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებას დასავლეთიდან პასუხი მოჰყვება.
"დღეს ჩვენ ვნახეთ საწყალი, გაბეჩავებული ადამიანები მოსამართლეების სახით და დღეს ჩვენ ვნახეთ თავისუფალი ნიკა გვარამია და მანტიაში გამოწყობილი ბიძინა ივანიშვილის სამი პატიმარი. მე მგონია, რომ ეს პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ისინი საპასუხოდ მიიღებენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისგან და მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმ დანაშაულისთვის. მე მგონია ეს დანაშაული მათი არჩევანია და ესეც ძალიან სამწუხაროა და ამას აუცილებლად პასუხი გაეცემა", - თქვა სოფო ლილუაშვილმა.
რაც შეეხება დასავლეთის რეაგირებას, სოფო ლილუაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, რომ მას პარტნიორებთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ისინი მზად არიან ბრძოლის გასაგრძელებლად.
"მათი განწყობა არის ძალიან მეგობრული, გამამხნევებელი, ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბოლომდე იყვნენ ამ ბრძოლაში და დღესაც, როცა ამ ე.წ. პროცესზე ვიჯექი, ისინი ჩემგან ელოდნენ კონკრეტულად გადაწყვეტილების მომენტში მიმეწერა და ინფორმაცია მიმეწოდებინა. ეს კომუნიკაცია შედგა, ახლაც მიმდინარეობს და ისევ ისინი მზად არიან, ამ წუთიდანვე ჩემთან ერთად გააგრძელონ ბრძოლა და იბრძოლონ იმ სამართლიანობისთვის, რომლისთვისაც ნიკა იბრძვის და პრინციპში, ჩვენ ყველა ყველაფერს ვაკეთებთ რისი გაკეთებაც შეგვიძლია", - თქვა სოფო ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და კომპანიისთვის ზიანის მიყენებისთვის ჯარიმა საპატიმრო სასჯელით შეცვალა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილებში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა - ე.წ. მანქანის ეპიზოდზე პატიმრობა ძალაში დატოვა, ხოლო მოსყიდვისა და ფულის გათეთრების საქმეზე ის გაამართლა.