"ვაკვირდებით ნიკა გვარამიას საქმეს... თავისუფალი მედია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - ასე ეხმაურება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატიმრობაში დატოვებას.
პოლონეთი აკვირდება ოპოზიციური ტელეკომპანიის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს. ნიკა გვარამია დაკავშირებულია ასევე, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან. [ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო]
ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავება ხელს არ უწყობს საქართველოში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციას. თავისუფალი მედია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წერს სამინისტრო.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი 2 ნოემბერს გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და კომპანიისთვის ზიანის მიყენებისთვის ჯარიმა საპატიმრო სასჯელით შეცვალა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილებში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა - ე.წ. მანქანის ეპიზოდზე პატიმრობა ძალაში დატოვა, ხოლო მოსყიდვისა და ფულის გათეთრების საქმეზე ის გაამართლა.