"ეს არის ღირსების საქმე" - საია 5 ივლისის ძალადობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

გამოქვეყნდა:

5 ივლისის სისხლიანი მოვლენები და 16 რეპორტიორის  საქმე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2021 წლის 5 ივლისს მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება და წამების აკრძალვა. გარდა ამისა, საიას განცხადებით, გამოძიება არაეფექტურია და ამ დრომდე დაუსჯელია ყველა ორგანიზატორი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა წაახალისა:

16 მედიის წარმომადგენლის სახელით მივმართეთ ევროსასამართლოს 5 ივლისს საქმეებთან დაკავშირებით. მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტურია როგორც უშუალოდ მოძალადეების ნაწილში, რომლებიც არ არიან ყველანი დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იყოს მოძიებული სათანადო და საჭირო მტკიცებულებები, ყველა მოძალადე არ ყოფილა დასჯილი ამ დრომდე და რაც ერთ ერთი ყველაზე საგანგაშოა ისაა, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არაა მიცემული მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენისა. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს ამ ნაწილში" განაცხადა საიას ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

სიმონიშვილის განცხადებით, არაეფექტურია გამოძიება სახელმწიფოს იმ შესაბამისი თანამდებობის პირების ნაწილშიც, ვისაც ევალებოდა ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვა, თუმცა ასე არ მოიქცა და ამ ყველაფერს ჰყავს მსხვერპლი - ლექსო ლაშქარავას სახით.

სიმონიშვილმა ამ საქმეს ღირსების საქმე უწოდა:

"ეს არის ღირსების საქმე არამარტო მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორისა და ქვეყნისთვის. ამიტომ, მივმართეთ ევროსასამართლოს ევროკონვენციის 4 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. მათ შორისაა როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე წამების აკრძალვა და შესაბამისად გვაქვს იმედი, რომ ამ მუხლებთან დაკავშირებით დადგინდება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დარღვევა. " განაცხადა საიას ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა.

საიას განცხადება სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი