
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მთავარი არხის გენერალური დირექტორის მიმართ შეწყალების კონსტიტუციური უფლება უნდა გამოიყენოს.
ლომჯარიას თქმით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობს.
"დავასაბუთეთ, თუ რატომ იყო ეს ის შემთხვევა, სადაც პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა შეწყალების კომპეტენცია და, რა თქმა უნდა, ამ აზრზე ვრჩები, იმიტომ რომ ერთის მხრივ, ეს არის ექსკლუზიური კომპეტენცია, ეს არის ნამდვილად პოლიტიკური კომპეტენცია პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გვარამიას საქმეში არსებობს ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემები, ბრალი არის დაუსაბუთებელი და საერთოდ ვფიქრობ, რომ ამ საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობდა", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ ოპოზიციური პარტიების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები. გარდა ამისა, გუშინ, 7 ნოემბერს, ამავე მოწოდებით ზურაბიშვილს 12-მა ევროპარლამენტარმა მიმართა.
ცნობისთვის, 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და კომპანიისთვის ზიანის მიყენებისთვის ჯარიმა საპატიმრო სასჯელით შეცვალა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილებში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა - ე.წ. მანქანის ეპიზოდზე პატიმრობა ძალაში დატოვა, ხოლო მოსყიდვისა და ფულის გათეთრების საქმეზე ის გაამართლა.