ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ - ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.
156-ე შესწორებაში, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის [EPP] ავტორობით, ნათქვამია, რომ უნდა „გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს“.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მთავრობის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების მუშაკების, მფლობელების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს.
ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი იხსენებს "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიასა და სხვა მედიასაშუალებების, "ფორმულასა" და TV პირველის დირექტორთა და მფლობელთა საქმეებსაც.
ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს ძალაში დატოვა ნიკა გვარამიასთვის საეჭვო ბრალდებების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი, მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვები წამოიჭრა, კერძოდ დროის შერჩევისა და ბრალდებების კუთხით, - ნათქვამია შესწორებაში.