„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.
"ის ადამიანები, ჩვენი პარტიის ფუნდამენტი, ჩვენი ორგანიზაციის ფესვები, ვინც გუშინ გამოვიდა და ეს ინიციატივა გაახმოვანა, მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ, ვემხრობი და სხვანაირად არც შეიძლება იყოს და არც წარმომიდგენია. ცხადია, პარტიის შიგნითაც ბოლო პერიოდში იყო საუბრები ყველა დონეზე არჩევნების ჩატარებაზე.
ეს რომც არ ყოფილიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საკრებულოს დეპუტატები მთელი საქართველოდან, თბილისიდან, რეგიონებიდან ასეთ ინიციატივას ასახელებენ, უბრალოდ უფლება არ გვაქვს ყური არ დავუგდოთ და არ გავითვალისწინოთ მათი აზრი. აქედან გამომდინარე, იმასაც მივესალმები, რომ თავმჯდომარემ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს გამოწვევა მიიღო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნები დაინიშნოს. მან ისიც თქვა, რომ ისიც ხელახლა იასპარეზებს ამ არჩევნებში თავმჯდომარის პოსტზე ხელახლა.
მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას" - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პარტიის თავმჯდომარედ კანდიდატურის დაყენებას შიდა არჩევნებში არ აპირებს ხატია დეკანოიძე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი შესაძლოა ლევან ვარშალომიძე იყოს, თუმცა ვარშალომიძეს თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ენმ-ში ახალი თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები გუშინ, პარტიის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა მოითხოვა. ბრიფინგი ამ თემაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ ენმ-ს რეგიონულ ხელმძღვანელებთან ერთად ჩაატარა.
ენმ-ს განახლების აუცილებლობაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილიც, თუმცა ამბობს, რომ თავმჯდომარეობას არ აპირებს.
თავად მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი განცხადება გუშინ, 9 ნოემბერს, საღამოს გააკეთა და განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის.