კიდევ ერთი გაძარცვული საბიუჯეტო ორგანიზაცია გორში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბუღალტერმა ბიუჯეტის ფული ტრანსპორტის სააგენტოდანაც მოიპარა. საბოლოო ჯამში, აზარტულ თამაშებში გაფლანგული თანხა ნახევარი მილიონი ლარია.
საქმეზე მხოლოდ ბუღალტერი ლეილა წკრიალაშვილია დაკავებული.
ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი არც უარყოფს და არც ადასტურებს "მთავარის" ინფორმაციას, თუმცა ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ სუს-მა გაითხოვა ფინანსური დოკუმენტაცია და ის გამოკითხვაზეც იყო დაბარებული.
"ამოღებულია საბუთები, წაღებულია დოკუმენტები და ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი. [...] გადარიცხვის გაკეთება არ შეეძლო, [ჩემ გარეშე] თუმცა პირველი ხელმოწერის უფლება, იყო მომენტები როცა ჰქონდა ფინანსურ მენეჯერსაც", - ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.
ოპოზიცია გორში საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნას მოითხოვს, თუმცა ცნობილია, რომ "ქართული ოცნებას" ამას მხარს არ დაუჭერს. საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ კორუფცია ყველგანაა - "კორუფციული სქემა ყველგან შეიძლება და ყველგან არსებობს".
ბუღალტერი ლელია წკრიალაშვილი მარტში დააკავეს. სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში სასამართლო მის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.