"გარდაცვლილი აურჩევიათ" - ზარქუა აშშ-ის არჩევნებზე მანიპულაციურ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები გააკრიტიკა და აშშ-ს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების დროულად შესრულებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ ზარქუამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა. მან მანიპულაციური განცხადება გააკეთა და ამერიკა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. საუბარია დემოკრატების კანდიდატ ტონი დელუკაზე, რომელიც 9 ოქტომბერს გარდაიცვალა, თუმცა არჩევნებში, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართა, გარდაცვლილმა კანდიდატმა ხმების 85% მიიღო.

შტატების კანონმდებლობით, კანდიდატების დაყენება შესაძლებელია მხოლოდ ბიულეტენების დაბეჭდვამდე. საარჩევნო ბიულეტენები 28 სექტემბერს დაიბეჭდა, ხოლო 85 წლის დელუკა, ბიულეტენების დაბეჭდვის შემდეგ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა, რაც ნიშნავს, რომ მისი ჩანაცვლება ვერ მოხერხდებოდა და ეს ფაქტი არჩევნების გაყალბებას არანაირად უკავშირდება.

ზარქუამ "იმედის" ეთერში ფაქტს შემაშფოთებელი უწოდა და თქვა:

"ჩვენთან ქე მაინც გარდაცვლილები ხმას აძლევდნენ და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ, ეს შემაშფოთებელია და თუ არის საშუალება ამას დავგმობდი. ჩვენ მიუხედავად ამ ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესებისა, როგორც აღმოჩნდა, ეუთოს/ოდირის დასკვნის მიხედვით საქართველო გაცილებით წინ ყოფილა, ვიდრე პირადად მე მეგონა და კიდევ ერთხელ ამით ამაყი ვარ. მე ვისურვებდი და ვუსურვებ აშშ-ს რომ ის რეკომენდაციები, რაც არის ეუთო/ოდირის, არც ერთი ჰქონიათ შესრულებული და დროულად შეასრულონ", - თქვა ზარქუამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი