
პოლონეთის მთავრობის წარმომაგდენელი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსა და უწყებაში გამოძახებულ რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს შორის შეხვედრა "მხოლოდ ოთხი წუთი გაგრძელდა". ელჩი მას შემდეგ გამოიძახეს, რაც პოლონეთში სასაზღვრო სოფელში ღამით რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.
"ის (ანდრეევი) მიიღეს, მაგრამ ყოველგვარი თავაზიანობის გარეშე, ხელის ჩამორთმევის გარეშე, მინისტრმა ზბიგნევ რაუმ და მისმა თანმხლებმა დელეგაციამ. ელჩს წაუკითხეს ჩვენი დიპლომატიური ნოტა, რომელიც ჩვენ მიერ გამოქვეყნებული კომუნიკეს მსგავსია. ელჩმა მიიღო პოზიცია და წავიდა", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
სხვა ინტერვიუში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ RMF FM რადიოსთვის განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსთხოვა ელჩს შეხვედრის დროს აეხსნა სიტუაცია.
ცნობისთვის, გუშინ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთმა თქვა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა.
ნატო-ს წევრ პოლონეთზე მიზანმიმართულმა, მტრულმა თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ალიანსის კოლექტიური სამხედრო პასუხი.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ოთხშაბათს საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ზუსტად გაუშვა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა და დაადასტურა, რომ ის რუსული წარმოების იყო. პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან.