
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ არ არსებობს "მინიშნება", რომ სამშაბათს მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა ქვეყანაზე "განზრახ თავდასხმა" იყო.
"არ არსებობს მინიშნება, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე. სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების S-300 რაკეტა. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა", - დაწერა მან Twtter-ზე ოთხშაბათს.
დუდამ დასძინა, რომ არსებობს "ბევრი მინიშნება", რომ ეს იყო საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც "სამწუხაროდ დაეცა პოლონეთის ტერიტორიაზე".
ცნობისთვის, გუშინ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთმა თქვა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონფლიქტის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.
დუდამ ოთხშაბათს საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ზუსტად გაუშვა რაკეტა. პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან.