ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში განახლდა იმ მოზარდების გამოკითხვა, რომლებიც საბედისწერო წვეულებაზე იმყოფებოდნენ. იგივე ახალგაზრდები მანამდე მცხეთის პოლიციაში დაკითხეს და მათ ნაწილს დნმ-ის ნიმუშებიც აუღეს.
უკვე დღეს დაკითხვაზე 10-მდე მოზარდი იყო დაბარებული, ისინი მონაწილეობდნენ შაქარაშვილის საქმის სხვადასხვა ეპიზოდში, მათ შორის ნარეკვავში, იმ წვეულებაზე, სადაც ანა გაბეჩავას დაბადების დღე აღინიშნებოდა და შემდეგ თემქის სახლშიც, სადაც ახალგაზრდებმა დაბადების დღის აღნიშვნა განაგრძეს.
ასევე დღეს დაკითხვაზე იმყოფება "ტოიოტა ვიტსის" მარკის ავტომობილის ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც სავარაუდოდ, გასულ კვირებში საქმის სხვა ფიგურანტების მსგავსად დაიკითხა. ამ მანქანის მგზავრები, მათი ჩვენებების მიხედვით, არაგვის ხიდთან ელოდებოდნენ ახალგაზრდებს, რათა ისინი თბილისში ჩამოეყვანათ.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამ ადამიანების გამოკითხვაზე მეორედ დაბარების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველიც, რომელმაც საქმის მასალების შესწავლის სურვილი გამოთქვა და თავის მხრივ, პროკურატურაც დათანხმდა ომბუდსმენის ოფისისთვის საქმის მასალების გადაცემას, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა ფორმით გააკეთებს ამას უწყება.
თუ როგორ იღებს გამოძიება მოწმეების დაკითხვის გადაწყვეტილებებს და აქვს თუ არა მედიაში გაშუქებულ სიუჟეტებს ამ პროცესზე გავლენა, სახალხო დამცველს, მისივი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ექნება.