გორის რაიონულმა სასამართლომ 14 წლამდე ასაკის მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ 60 წლის კაცს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 2 დღის წინ დააკავეს. მას სასამართლო პროცესზე უფლებადამცველი არ ჰყოლია. დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
არსებული ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლმა გოგონამ მომხდარის შესახებ დედას უამბო, რის შემდეგაც ოჯახმა პოლიციას მიმართა. მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა და პროცესში ჩართულია ფსიქოლოგიც.
მომხდართან დაკავშირებით მედიასთან საუბარი უჭირთ ოჯახის ახლობლებსა და მეზობლებს. ცნობილია, რომ სავარაუდო მოძალადე მსხვერპლის ოჯახის ნათესავია.
დამატებით დეტალებს არც პროკურატურა ასაჯაროებს.
"138 მუხლის "ა" ქვე-პუნქტი აქვს წარდგენილი ბრალად და ეს ადამიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმის დეტალებთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან დაზარალებული არასრულწლოვანია," - განაცხადა საქმის პროკურორმა, ია მეფარიშვილმა "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას.
შსს-მ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.