"აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში "ფეისბუქზე" პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება" - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
პოსტში ვკითხულობთ, რომ ის 50-მდე ორგანიზაცია, რომელთაც 2 კვირის წინ "ფეისბუქს" 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართეს, ოფიცილური პასუხი მიიღეს, სადაც ვკითხულობთ, რომ პოლიტიკურ აქტორებს, შესაბამისი ინსტრუქციები მიეცემათ, რაც პოლიტიკური რეკლამის თამაშის წესების დადგენას გულისხმობს.
ეს წერილი ადასტურებს, რომ "ფეისბუქი" სერიოზულად მოეკიდება 2020 წლის არჩევნებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ 2020 საკმაოდ დაძაბული საარჩევნო წელია ასევე აშშ-შიც. ამასთან, "ფეისბუქისთვის" მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და უკუკავშირი. და ბოლოს, პოლიტიკური აქტორებისთვის შესაბამისი ინსტრუქციების მიცემა ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეკლამის თამაშის წესები დადგენილი და ცნობილი იქნება. შესაბამისად, ამ მოთხოვნების შესრულება უკვე თითოეული ამ აქტორის პასუხისმგებლობა იქნება. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, ცხადია, სოციალური მედიის საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედების მიზნით გამოყენების გამოწვევები ამით არ აღმოიფხვრება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობა "ფეისბუქზე" 2020 წლის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს, - წერს მიხეილ ბენიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ "ფეისბუქმა" 511 ფეისბუქ-გვერდი, 101 პროფილი, 112 ჯგუფი და 55 ინსტაგრამის ანგარიში - არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა.
სოციალური ქსელის ადმინისტრციის მიერ განხორციელებულ საყოველთაო წმენდას შეეწირა "ქართული ოცნების" მთავარი პიარ-ტექნოლოგის, კოკა ყანდიაშვილის პირადი გვერდი, მისი S-პერსონა და მასთან დაკავშირებული ტროლების ქსელი. ასევე, გაუქმებულია კრემლის მედიასაშულებების მსოფლიო ქსელი.