ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტიდან სამოქალაქო სექტორმა მიმართვაზე პასუხი მიიღო. წერილში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს.
გზავნილში კიდევ ერთხელ აღნიშნულია, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად.
ამასთან მიშელის კაბინეტი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებს სასამართლო რეფორმისკენ.
"ძვირფასო სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია კომპანიების წარმომადგენლებო, მადლობას გიხდით 7 ნოემბრის ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავთ ბატონი ნიკა გვარამიას გასამართლების გამო.
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბ-ნი გვარამიას სასამართლო საქმეს, მათ შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის მეშვეობით.
ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარს ცალკეული სასამართლო საქმეების არსებით ნაწილზე, თუმცა აღვნიშნავთ, რომ დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან, სასამართლოს მსჯელობის შესახებ ბ-ნი გვარამიას საქმეში, როგორც განაჩენის გამოტანის, ასევე სასჯელის კუთხით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის განაჩენის გათვალისწინებით, ევროკავშირმა იმავე დღეს გამოსცა პრესსპიკერის განცხადება ბ-ნი გვარამიას საქმეზე.
ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ სასამართლო სისტემის ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ რეფორმაში. ეს არის ასევე 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და რამდენიმე ხნის წინ მიღებული ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი.
გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ხაზგასმულია კომისიის მოსაზრებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, არის, რომ საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივი სტანდარტებს.
ევროკავშირი კვლავაც ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და მართლმსაჯულების უფრო ფართო რეფორმას და მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებს", - ვკითხულობთ წერილში.
შეგახსენებთ, რომ მესამე სექტორმა და მედიაორგანიზაციების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ერთობლივი განცხადებით მიმართეს, სადაც სთხოვეს შარლ მიშელს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდოს.