
UNESCO-ში რუსეთის წარმომადგენლის გადადგომა დაასრულებს ჩიხურ პროცესს საკვანძო კომიტეტში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს - ამის შესახებ წერს BBC "ფრანს-პრესზე" დაყრდნობით, რომლსაც ინფორმაცია დიპლომატიურმა წყარომ მიაწოდა.
მისი ცნობით, კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანაზე, ფაქტობრივად ვერ ფუნქციონირებდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
„მაქვს პატივი გაცნობოთ UNESCO-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მისიის დასრულების შესახებ“, - განაცხადა ალექსანდრე კუზნეცოვმა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრებისადმი მიწერილ წერილში, რომელსაც სააგენტო გაეცნო.
კუზნეცოვის გადადგომა კომიტეტს საშუალებას მისცემს სწრაფად დანიშნოს ახალი თავმჯდომარე და განაახლოს თავისი საქმიანობა, თქვა იუნესკოს ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ცნობისთვის, კომიტეტი ივნისში უნდა შეკრებილიყო ყაზანში, მაგრამ 46-მა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ბოიკოტი გამოუცხადეს ღონისძიებას.
ამასთან, ორგანიზაციის წესების მიხედვით, კომიტეტის გადამდგარი თავმჯდომარის შემცვლელს ანბანური თანმიმდევრობით [წინას მომდევნო] ნიშნავენ - ეს არის საუდის არაბეთი. ქვეყანამ უახლოეს დღეებში უნდა გამოაცხადოს, დაიკავებს თუ არა მისი წარმომადგენელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას.