
ექიმის თქმით, მძიმეა კაცის მდგომარეობა, რომელმაც გუშინ, თერჯოლაში, ერთ-ერთ მაღაზიაში ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და მოკლა. შემთხვევის შედეგად კაცი თავადაც დაშავდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სხეულის 70 პროცენტი აქვს დაზიანებული.
"პაციენტი შემოიყვანეს უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში. იყო სხეულის 60-70%-იანი დამწვრობა, მე-3 -მე-4 ხარისხის. პაციენტი სედაციის ქვეშ დაინტუბირდა, კონსულტირებულია ქირურგისა და რეანიმატოლოგის მიერ და აყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"- ამბობს თინათინ ჩაფიძე, ექიმი.
გუშინ, 24 ნოემბერს, თერჯოლაში, ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალს მაღაზიაში, აალებადი ნივთიერება შეასხა და მოკლა. მსხვერპლი მაღაზიაში მენეჯერად მუშაობდა, ის ადგილზევე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი რამდენიმე წლის დაშორებული იყო. კაცი ნასამართლევია და შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშრისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს საპროტესტო მარშია დაგეგმილი.