"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ოთარ სირაძე, შესაძლოა, დააკავონ. დღეს ის ამბროლაურის პოლიციაში ბრალის წარსადგენადაა დაბარებული.
დაკავების შესაძლებლობას არ გამორიცხავს თავად ოპოზიციის წევრიც. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მის წინააღმდეგ აგენტურა აამუშავა.
მითხრეს, რომ ბრალი უნდა წარმიდგინონ და რა მუხლია და როგორ, ეს გაირკვევა უკვე. დეტალები არც მე არ ვიცი... მე არაფერს არ გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ამ მთავრობისგან არაერთი შეკერილი საქმე გვინახავს, - ამბობს სირაძე სატელეფონო საუბარში.
საქმე ეხება ონში, ერთ-ერთ აქციაზე დაწყებულ დაპირისპირებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრსა და ერთ-ერთ აქტივისტს შორის, რომელიც, უკვე ოთარ სირაძის საცხოვრებელ სახლთან, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რა ღონისძიებას განახორციელებს ამბროლაურის პოლიცია, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.