დაიხვეწოს სექსუალური ძალადობის კანონმდებლობა, გენდერული თანასწორობის საკითხები ინტეგრირდეს ყველა ტიპის სწავლებაში - ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და ამბობს, რომ საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ომბუდსმენი ამბობს რომ, პრევენციის, დროული გამოვლენის და შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით დღემდე არაერთი პრობლემა არსებობს.

სახალხო დამცელი მოუწოდებს პარლამენტს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, პრიორიტეტად დაისახოს შემდგომი ღონისძიებების გატარება:

  • დაიხვეწოს სექსუალური ძალადობის კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სექსუალური ძალადობის დეფინიცია დაეფუძნოს მსხვერპლის თავისუფალი, ნამდვილი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას;
  • გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება მოხდეს ყველა ტიპის სწავლებაში და დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით;
  • დამტკიცდეს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დოკუმენტი;
  • დაიგეგმოს შესაბამისი პროექტები და პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის დონეზე კვლავ პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა:

"კერძოდ, გაუპატიურების არსებული დეფინიციის ცვლილება და მასში თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის კომპონენტის განსაზღვრა. საგანგაშოა ბავშვობის ასაკში ქორწინების და ნიშნობის მაჩვენებელი. სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს არასრულწლოვან მშობლად 479 გოგო დარეგისტრირდა, 2021 წელს - 476, ხოლო 2022 წლის 6 თვის მონაცემით - 189.

ასევე, აპარატის შეფასებით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოჯახში ძალადობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი და პრევენციის ღონისძიებების სიმცირე:

"საგანგაშოა ძალადობის უკიდურესი ფორმის, ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების მასშტაბი, რომელიც წლიდან წლამდე კლების ტენდენციით არ ხასიათდება. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის 10 თვის მონაცემით, ქალის მკვლელობის 18 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 11 შემთხვევაში გამოიკვეთა. ბევრად მაღალია მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი, სადაც 32 შემთხვევიდან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 26 ფაქტი იყო ჩადენილი".

ომბუდსმენი ამბობს, რომ სახელმწიფოს რეაგირება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე არაეფექტიანია. ის მიდგომა კი, რაც უწყებებს აქვთ, მნიშვნელოვნად ასუსტებს სისხლის სამართლის პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი