რუსეთის საოკუპაციო ძალების მძიმე ბრალდებას ზაზა გახელაძის ოჯახის და მთლიანად საზოგადოების მძიმე რეაქცია მოჰყვა - ოკუპანტები ზაზა გახელაძეს, რომელიც ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს, პროვოკაციებსა და სპექტაკლის მოწყობაში ადანაშაულებენ. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, გახელაძე შეიარაღებული იყო ნახევრად ავტომატური იარაღით და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში 300 მეტრით შევიდა, სადაც რუს მესაზღვრეებს შეხვდა, მან დამალვა სცადა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მისამართით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა. საპასუხო სროლის დროს კი დაიჭრა. ლავროვის უწყების ცნობით, გახელაძე, რომელმაც აღიარა საზღვრის კვეთა, ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. ზაზა გახელაძის ოჯახი კი უარყოფს, რომ იგი სანადირო თოფის ათჯერ სროლას შეძლებდა.
ლავროვის უწყების განცხადებაში გახელაძის გარდა, საქართველოს სხვა მოქალაქეებიც არიან მოხსენიებული. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ მოქალაქეებმა საზღვარი საბუთების გარეშე დაარღვიეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი ცინიკური განცხადებების გაკეთება იმის ბრალია, რომ საქართველოს მთავრობას ბოლო რვა წლის განმავლობაში რუსეთთან შერბილებული პოლიტიკა ჰქონდა.
რუსეთის მთავრობა დღითიდღე სულ უფრო თავხედურ განცხადებებს და ქმედებებს ახორციელებს, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს. ეს ხდება იმიტომ, რომ დღემდე "ოცნების" ხელისუფლების პირობებში არც ერთ მსგავს ნაბიჯზე რუსეთის ხელისუფლებას არც ერთი პოლიტიკური ფასი არ გადაუხდია, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოს წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ისე გათავხედდა, რომ გუშინდელ წერილში აშშ-ს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას ჩრდილს აყენებს.
რუსეთის საგარეო ისეთ შემტევ განცხადებებს აკეთებს, რომ პირიქით, იქით გვადანაშაულებს საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი მოქალაქეების გატაცებაში, დაჭრაში, პირიქით, ჩვენ გვადანაშაულებს და ჩვენს პარტნიორებს, - აცხადებს იგი.
მისი თქმით, ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის დასუსტების შედეგი.
ლავროვის განცხადებაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის, ამერიკის საელჩოს პროვოკაციული კომენტარები, რომლებიც უკვე ამერიკელებისთვის ტრადიციად იქცა, სიტუაციაში გარკვევის ნაცვლად, პირდაპირ ქართველების მხარეს იჭერს მოსკოვისა და ცხინვალის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი, სულ მცირე, ძირს უთხრის ჟენევის მოლაპარაკებებში ვაშინგტონის, როგორც მიუკერძოებელი მხარის მონაწილეობას.
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის თქმით, ოკუპანტს არ მოსწონს, რომ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას მხარს უჭერენ საერთაშორისო პარტნიორები.
ბუნებრივია, რომ მისი ხასიათი ისეთია, რომ ცდილობს იქით გადმოვიდეს შეტევაზე და დაგვაბრალოს ჩვენ, არამარტო ჩვენ, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსაც, რომ თურმე ისინიც ერევიან და არაკორექტულ განცხადებებს აკეთებენ, - ამბობს კობერიძე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შექმნილი ვითარება იმდენად რთული და სახიფათოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სოხუმთან და ცხინვალთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. საქართველოს მოქალაქის გატაცებას საქართველოში აშშ-ს საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გამოეხმაურნენ და რუსეთს 2008 წელს ნაკისრი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს. გახელაძის გამტაცებელი კობა ფარესაშვილიც ამბობს, რომ მათ საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ.