თალაკვაძის გარემოცვამ გურიის ყოფილ გუბერნატორს სცემა - "გურიის მოამბე"

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, გარემოცვის წევრებმა გურიის სამაშველო სამსახურის უფროსს და ყოფილ გუბერნატორს, მერაბ ჭანუყვაძეს სასტიკად სცემეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "გურიის მოამბე" თვითმხილველის მონაყოლზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა ქალაქ ოზურგეთის მერის და არჩილ თალაკვაძის ძმის, ავთანდილ თალაკვაძის მოადგილის, ნათია გოგოლაძის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, 27 ნოემბერს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ჭანუყვაძე "საქმის გარჩევაზე" ნათია გოგოლაძის ქმარმა, კოტე შევარდნაძემ დაიბარა, სადაც მას [ჭანუყვაძეს] ასევე დახვდნენ არჩილ თალაკვაძის მეგობარი, დათუნა გოლიაძე, ძმები კვერღელიძეები და არჩილ თალაკვაძესთან დაახლოებული ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მერაბ ჭანუყვაძეს.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება წინა დღეს, ერთ-ერთი ბიზნესმენის დაბადების დღეზე მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. შევარდნაძის მხარე ამტკიცებდა, რომ ჭანუყვაძემ მას,  დაბადების დღეზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მუცელზე უხერხულად შეეხო.

საბოლოო ჯამში “საქმის გარჩევა” ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მსუბუქად.

"გურიის მოამბეს" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, მათ იქაურობა კრიმინალური ავტორიტეტების მოთხოვნით, ოზურგეთის პოლიციის უფროსმა, გიორგი შარაშენიძემ დაატოვებინა.

მათივე ცნობით, გოლიაძეების სახლში, რომლის მიმდებარედაც სავარაუდოდ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, თავად ავთანდილ თალაკვაძე ცხოვრობს.

ცნობისთვის, მერაბ ჭანუყვაძე 2013-2014 წლებში გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო. 2014-2017 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 2017-2018 წელს კი, გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. იყო “ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო – სამაშველო ძალების დეპარტამენტის გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსად ის 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი