
"ჩვენ ერთგულები ვართ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ NATO-ს კარი ღიაა", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტის 2022 წლის სამიტზე დღეს, 29 ნოემბერს განაცხადა.
მისივე თქმით, ის რომ NATO-ს კარი ღიაა, ამის დემონსტრირება მოხდა მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღებით, მიუხედავად რუსეთის მკაცრი პროტესტისა.
"ჩვენ ყოველ დღე გავიმეორებთ, რომ ნატოს კარი ღიაა. ამის დემონსტრირება ჩვენ მოვახდინეთ გასულ წლებში, როდესაც NATO-ს ალიანსში მივიღეთ ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო, მიუხედავად რუსეთის ძლიერი პროტესტისა. ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ რუსეთის არ აქვს ვეტოს უფლება და ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ნატოს წევრებისა და მსურველი ქვეყნების გადასაწყვეტია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთ-უკრაინის ამჟამინდელ ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსის დღევანდელი ფოკუსი მთლიანად არის გადართული უკრაინის მხარდაჭერაზე, რათა ვლადიმერ პუტინი აუცილებლად დამარცხდეს და გაიმარჯვოს უკრაინამ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ.